თანამედროვე ხელოვნების კვალში II

ვაგრძელებ წინა პოსტის თემას და კიდევ რამდენიმე თანამედროვე მხატვარზე მოგიყვებით თითო-ოროლა წინადადებით და ამდენივე ნამუშევრით. აქვე დავამატებ, რომ უფრო ვრცელი ინფრომაციის მოძიების თანაბარი შესაძლებლობები გვაქვს.

Natalie Holland – ნორვეგიელი მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც მეტწილად რეალისტური და თანამედროვე თემატიკაზე აგებულია.

An Ordinary Day

Parable Of Time

Show Business

Sisters

მომდევნო Bruce Holwerda გახლავთ. რა დავმალო და, ამ ამერიკელი ხელოვანის ნამუშევრები განსაკუთრებით მომწონს. მგონი, ეს ისაა, რისი პოვნაც მინდოდა.

Damage Control

Highway Man

Some Man Will Walk On The Moon

Too Much Information

Nicoletta Pagano – ვის, ვის და ამ იტალიელი მანდილოსნის ნამუშევრებს აუცილებლად ამოიცნობთ იმის მიუხედავად, ექნება თუ არა მათ ავტორის ინიციალები მიწერილი. ილუსტრატორია, ციფრული არტის წარმომადგენელი და ძალიანაც საინტერესო, ასე მგონია.

Circus

Summer

Waiting 

Yue Minjun – ეს თანამედროვე ჩინელი ავანგარდისტი მხატვარი უფრო ფართოდაა ცნობილი. სადაც უნდა გადააწყდეთ მის ნამუშევარს, იდენტიფიკაცია არ გაჭირდება. მისი შემოქმედების სავიზიტო ბარათი ყურებამდე ღიმილია(?), რომელიც გაღიმებულის რა გითხრათ და, გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. თვალშისაცემი ცინიზმი  ავტორის განწყობას იოლად გვატყობინებს. საფუძვლიანი პარალელია გავლებული მის შემოქმედებასა და კომუნისტების პროპაგანდისტულ პოსტერებს შორის.

Big Swans

Hero Here

The Pope

to Marilyn Monroe

დაბოლოს, Feng Dakang  – ამ ბატონით ჯერ კიდევ მაშინ მოვიხიბლე, ჰედერისთვის რამე საინტერესო ფოტოებს რომ ვეძებდი. ურბანული ცხოვრება მაინცდამაინც არ მიზიდავს, არ მომწონს ძველ, არქიტექტურულად ღირებულ შენობებს რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით ნაგები ცათამბრჯენები ანაცვლებენ, სწორედ ამის პროტესტია მისი ნახატები – ძველი, ნახევრად დანგრეული მრავალსართულიანი შენობები.  ჩინეთში, მოგეხსენებათ, განსაკუთრებით თვალშისაცემია სიმაღლეში მეტისმეტად შორს წასული ნაგებობები. ერთი საინტერესო დეტალიცაა: ზოგ ნახატში თვითმფრინავი ჩანს. ერთ-ერთი ახსნით, რომელიც ყველაზე საინტერესოდ მეჩვენა, ადამიანის შემოქმედების ეს რიგითი ტექნოლოგიური მწვერვალი თითქოს წინათგრძნობით აღვსილი მიშტერებია ჩამონგრეულ შენობებს, – მეც იგივე მომელისო. რა ვუყოთ, რომ რეალურად ვერაფერს ვუზამთ სასიცოცხლოდ საჭირო მრავალსართულიან შენობებს, ვანგრიოთ ისინი ხელოვნებაში!

 სულ ეს იყო. კიდევ რამდენიმე მხატვარია რიგში, მაგრამ, მგონი, აღარ ღირს გაგრძელება. გამიხარდება, თუ თქვენს საყვარელ თანამედროვე მხატვარზე მეტყვით ორიოდე სიტყვას.

თანამედროვე ხელოვნების კვალში

ძალიან მწყინს, როცა რაღაც მავიწყდება, თუნდაც უმნიშვნელო. ასეთ დროს გონებას ვძაბავ, ვცდილობ ვიმოგზაურო წარსულის თავში და ვიპოვო, რასაც ვეძებ. უმეტესად, გაღიზიანებულს იმით, რომ რაღაც დამავიწყდა, კონცენტრირება მიჭირს და ვერაფერსაც ვერ ვიხსენებ. დროის დინება, ერთი მხრივ, ჩვენი ცხოვრების გამორჩეულ წუთებს თუ გვაშორებს, მეორე მხრივ – ჩვენსა და წარსულის სამწუხარო მოვლენებს შორის ზრდის მანძილს. თუმცა მოგონებები ჩემთვის არ განირჩევა, როგორც კარგი და ცუდი, ორივე ძვირფასია იმიტომ, რომ ისინი ჩემი საშენი უჯრედებია. მაგრამ ესეცაა – კარგის გახსენება ყოველთვის სჯობს ცუდისას. ზოგჯერ მოულოდნელად ამომიტივტივდება თავში რაღაც, მერე პარალელებისა და დაგორგლილი ძაფის წვერის ძიებაში ვარ ხოლმე. ამ ბოლო დროს წინათ ნასიზმრალი მოვლენები მახსენდება. მხოლოდ წუთებით, მერე ისევე მავიწყდება, როგორც მაშინ, ახალგაღვიძებულიდან ფხიზელის მდგომარეობაში გადასვლამდე. მოკლედ, ამდენი მოგონებებს იმიტომ მოვაყოლე, რომ, ბოლო ხანებია, ღრმა წარსულიდან რამდენიმე წამი ამეკვიატა: სულ დიდი, 4-5 წლის ვარ, ვზივარ მაგიდასთან, რვეულის ჩვეულებრივ ფურცელზე ჩვეულებრივი კალმით წყვილს ვხატავ. კაცი მარჯვნივაა, წრეს ვავლებ თავზე ქუდივით და მაქვს იმის სასიამოვნო განცდა, რომ რაღაც ახალს მივაგენი. მერე ნათესავი ქალი მეკითხება, თუ შევძლებ მისი სახელის დაწერას… და ვბრუნდები აწმყოში. ამ მოგონებით მტკიცებით ფორმაში შემიძლია ვთქვა, რომ ხატვა ბავშვობიდან მიტაცებდა. სამხატვრო სკოლაში შესვლიდან ცოტა ხანში ვიგრძენი, რომ არც სათანადო ნებისყოფა და არც თანდაყოლილი ნიჭი არ მაქვს(ერთი რომელიმე აუცილებელია), სამაგიეროდ, მივხვდი, რომ ეს ის სფეროა, რომელსაც ყველაზე დიდი ესთეტიკური ტკბობის მოტანა შეუძლია ჩემთვის. თანდათან გავეცანი ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს სხვადასხვა ეპოქიდან თუ ჟანრიდან, მერე, გეგონება ძველი ამოწურაო, თანამედროვე მხატვრობაზე გადავედი. როცა საქმე აღიარებულს, კლასიკურს ეხება, ყველას გვიიოლდება მოწონების გამოხატვა, ხოლო როცა რაღაც ახალია, თავს ვიკავებთ. ან კიდევ კლასიკურს ვგმობთ იმისთვის, რომ ახალი ვთქვათ რამე და ყველაფერ ახალს დიდი ამბით ვეწაფებით, პირველაღმომჩენებად რომ განვიხილებოდეთ ირგვლივ მყოფებისთვის. რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევებიცაა. მახსოვს, ერთხელ საავადმყოფოს მოსაცდელში მჯდომარემ ჩემ წინ კედელზე დაკიდებული ფერწერული ტილოს გარჩევა ვცადე. უფრო სწორად, გაკრიტიკება. მერე მივხვდი: იმდენი ნაკლი ამით გამხნევებულმა შევნიშნე – ეს ნამუშევარი დიდი ღირებულებით რომ გამოირჩეოდეს, აქ, საავადმყოფოს ამ ძველისძველ შენობაში, ასე უხეიროდ არ ეკიდებოდა-მეთქი, არც რომელიმე ცნობილი ტილოს რეპრუდუქციას ჰგავდა.

თითქოს დღეს ტენდენციაა იმისა, რომ ყველა ხელის აქნევა ხელოვნებად უნდა იქნეს მიჩნეული. მეტწილად, აზრი ორია: უგემური, დაჭრილი, ნატურაგცლილი ნახატები ხელოვნება კი არა, ფერადი გეომეტრიაა, და მეორე – მომავალი განსხვავებული ხედვებისას, უფრო მარტივებს, უფრო განვითარებულებს გველის და ჩვენი მორზე და ჩვენი ბრაილი, რომელიც მასთან დაგვაკავშირებს, სწორედ ესაა – თანამედროვე ხელოვნება თავისი ახირებებით.

როცა ახალ მხატვრებს ვეძებ, ასე მგონია, რაღაცით უნდა მანიშნონ მათი სიახლე; ვთქვათ, ნატურმორტზე ვაშლი ერთგან აუცილებლად მოკბეჩილი უნდა იყოს, ან პეიზაჟზე კუთხეში შეყუჟულ მინდვრის თაგვს კუდად კომპიუტერთან მისაერთებელი კაბელი ჰქონდეს… არა, რა თქმა უნდა, ასე ვიწროდაც არ ვუდგები :) ზოგადად, თანამედროვე ხელოვნება ციფრულია. უნდა შევეგუოთ, რომ არც ისე დიდი ხნის მერე საგამოფენო დარბაზში ხეტიალისას შემთხვევითაც არ გვეცემა ტილოზე რამდენიმე ფენად წასმული საღებავების სუნი, ნამუშევარი სულ ახალშობილიც რომ იყოს.

ამ ჯერზე “ქონთემფორარი არტში” ჩემსავით ზერელედ გარკვეულებს ოთხი მხატვრის გაცნობას გთავაზობთ, სულ რამდენიმე ნამუშევრით და ორიოდე სიტყვით, უფრო ვრცლად სხვა დროს ვისაუბროთ. ხელოვანისთვის მთავარი ხელწერა მგონია; ავტოგრაფის გარეშეც უნდა გცნობდნენ. ჰოდა, ვეცადე, ხელწერასაცნობი მხატვრები გამომერჩია. ბუნებრივია, არ ვარ დაზღვეული იმისგან, რომ დამწყები, გამოუცდელი და არც ისე დაფასებული მხატვარი გამოერიოს ამ ჩამონათვალს, მაგრამ ვის აინტერესებს, ჩვენ ხომ, პირველ რიგში, შთაბეჭდილებებს დავეძებთ და არა გვარებს? 

Anne Stahl – ამ გერმანელი ქალბატონის ნახატების რამდენიმე სერიიდან ყველაზე უფრო ორმა დამაინტერესა. ერთი – landscapes of the human mind

Adaptation

Hoping to Succeed

და მეორე – Submarina

საოცარი მარინისტული პეიზაჟებით მოვიხიბლე, ნაკლებად არც ადამიანის გონებრივი ხედების ასახვა მომწონებია. როგორც თვითონ ამბობს, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ სურდა, დაეხატა ის, რასაც ადამიანის თავში შეიძლება წავაყწდეთ. ნამუშევართა სხვა სერიებიც ასევე შთამბეჭდავად მეჩვენება. დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიჰყვეთ ბმულს.

შემდეგი გახლავთ James Guppy – თანამედროვე ინგლისელი მხატვარი. მის ნამუშევრებზე ორაზროვანი შეხედულება მაქვს, რამდენადაც იდეის ამოკითხვა მიჭირს – სიმბოლოები გამოყენებულია ჩემთვის უცნობი სფეროდან, თუმცა საინტერესო უდავოდაა. მის შემოქმედებაზე დიდია ზღაპრული სუიჟეტების გავლენა.

სერიიდან Beauty And Blemish

სერიიდან Sunrise Boulevard

მომდევნო ორი გახლავთ სერიიდან – Fay. სწორედ აქაა ხსენებული ზღაპრული თემატიკა გამოყენებული და ძალიან საინტერესოდაც, ასე მგონია.

Exploding Myths

Study for Service

შემდეგია John Jude Palencar. ეს მეტად ცნობილი მხატვარი ავტორია ბევრი წიგნის ყდის დიზაინის. უეჭველად გეცნობათ მისი ნახატები. მე, პირადად, ძალიან მომწონს.

Become Human

Photo Memomry

The Quiet Earth

და ამ პოსტისთვის ბოლო, Migle Kosinskaite – ლიტველი მხატვარი ქალბატონი ძალზე საინტერესო ხედვით.

Secretive

Twins

მოკლედ, ასე. თქვენი არ ვიცი და, მე ამ ოთხი მხატვრის ნამუშევრებიდან არც ერთისა მტოვებს გულგრილს. გამიხარდება, თუ ვინმე დაინტერესდა, ვინმემ ახალი გაიგო და ა.შ. პოსტის ძალიან გაგრძელებას მოვერიდე და ამადაც არ შევჩერებულვარ უფრო ხანგრძლივად რომელიმეზე. დანარჩენ შერჩეულ მხატვრებზე მეორე ნაწილში ვისაუბროთ.
პ.ს. გვარ-სახელები და სახელწოდებები გადაუთარგმნელად გადმოვიტანე, ვშიშობ რა, რომ შეცდომით ვთარგმნი რომელიმეს ან თავს მოგახვევთ სათაურების ჩემეულ გაგებას.